ჩაკიდული თხემების
წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის დაარსება
„ეს ადგილი, ჩვენგან იოანე ნათლისმცემლის უდაბნოდ წოდებული, ღვთივ გამოგვიჩნდა. დედა ღვთისმშობლის მფარველობითა და დიდი წინასწარმეტყველისა და წინამორბედის შეწევნით გაძლიერებული, ღვთის განგებულებით დღევანდლამდე კაცთაგან დაფარულ ამ ადგილზე მოსული, საოცარი ხილვის მოწმე გავხდი. გარემო ფერითა და კლდოვანით, მცენარითა და ცხოველით ახალ გარესჯად წარმომიდგა. ხოლო ქარაფიდან ქვემოთ, ჩრდილო-დასავლეთით – უფლის კვართის საბრძანებელი უძველესი წმინდა ქალაქი მცხეთა, რომელსაც ერთი მხრით, მაღლობიდან ჯვრის მონასტერი დაჰყურებს, ხოლო მეორე მხრით, ბაგინეთის მთის ფერდობს ზემოდან – კარსანის წმინდა ნინოს ეკლესია. ამ წყალობის შემდეგ ყოველთვის ამ ადგილზე მოსული დიდხანს, საათობით ვრჩებოდი. მაშინ ვერც ვიფიქრებდი, თუ როგორ და რით აშენდებოდა ახალი სამყოფელი. ადგილიც საკმარისი იყო სალოცავად. მხოლოდ უფლის მოწყალებამ შეძლო დღევანდელი ფერისცვალება ამ გარემოსი. მოსახლეობა მას ჩაკიდული თხემისა ადგილს უწოდებს.
ბრძოლა მართლაც ბევრი იქნება. გოლგოთა მხოლოდ შენით და შენთვის გასავლელად იქნება სასიხარულო, უფალო, რომელსა გშვენის დიდება მამისა თანა სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“.
2004 წლის 21 დეკემბერს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მცხეთა-თბილისის ეპარქიაში, თბილისთან ახლოს, ჩაკიდულ თხემებად წოდებულ ადგილას დაარსდა წმინდა იოანე ნათლისმცემლის დედათა მონასტერი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებით აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითს დაევალა სავანის ზედამხედველობა.
მეუფე დავითის ლოცვა-კურთხევით ახალი შუამთის მონასტრიდან აქ გადმოვიდა მონაზონთა მცირე კრებული. წმინდა იოანე ნათლისმცემლის სავანე ახალი შუამთის ხახულის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მონასტრის მეტოქიონს წარმოადგენს და აქ მონასტრის საგამომცემლო საქმიანობა მიმდინარეობს. ჩაკიდული თხემების მონასტრის ტაძარი წმინდა ნიკოლოზის სახელზეა აგებული, ხოლო ჩრდილოეთის ეკვდერი წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის სახელობისაა.
აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითის განჩინებით მონასტერში წირვა-ლოცვაზე მუდმივად მოიხსენებიან ქტიტორები.მეუფე დავითი ამ სავანეზე ასე წერდა:
„წინასწარგანზრახვის გარეშე უდაბნოში მისასვლელი გზა 2000 წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღეს გაიჭრა. თბილისთან ახლოს, კლდოვანში – საიდანაც შორს მოჩანს ქალაქი მცხეთა და ჯვარი – ძველი „უდაბნოების“ მსგავსად ვიცხოვროთ გონიერი შრომით, რომ ეს ადგილი იქცეს ისეთ სავანედ, სადაც ლოცვა მოსაწყენი არ იქნება ადამიანისთვის და ეს წესი ცხოვრების სუნთქვა გახდება. მჯერა, მრავლად არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ სურვილი მიეახლონ ღვთაებრივ ცეცხლს, რათა იგრძნონ მისგან გამომავალი სითბო და სურნელი შინაგანი ლოცვის, საკუთარი თავის შეცნობის და ამ გზით ღმერთთან მიახლების. ამინ“.
წმ. იოანე ნათლისმცემლის ხატი, რომელიც წარმოადგენს მონასტრის მთავარ სიწმინდეს, დაიწერა ათონის წმ. მთაზე ფილოთეოს მონასტრის შემოწირულობით, რომელთანაც ისტორიულად დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს ახალი შუამთის მონასტერს. ლევან კახთა მეფე ფილოთეოს მონასტრის ერთ-ერთი აღმშენებელია, რომელსაც დღესაც ქტიტორად მოიხსენებენ მონასტერში.