ახალი შუამთის ხახულის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მონასტრის ტიპიკონი
1995 წელს ახალ შუამთაში აღდგა სამონასტრო ცხოვრება. მონასტრის დების სულიერი მამის, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის ლოცვა-კურთხევით მონასტრის წინამძღვარმა იღუმენია იოანამ ქრისტესმიერ დებთან ერთად შეადგინა მონასტრის წეს - განგება, რომლის შესავალში აღნიშნულია:
„ნიმუშად ავიღეთ პეტრიწონის მონასტრის ქართული ტიპიკონი, რომ მივბაძოთ ჩვენს წმიდა წინაპრებს ღვთისმსახურებაში და მონაზვნობაში.
1995 წელს მონაზვნობის მსურველები, ხუთნი მოვედით ამ წმიდა ადგილას - ახალი შუამთის, თინათინ დედოფლის მიერ აგებულ ხახულის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მონასტერში და დავემკვიდრეთ ჩვენი წმინდა მოძღვრის აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის ლოცვა-კურთხევით, მისივე შრომით და ღვაწლით.
მონაზვნური ცხოვრების წესად ავირჩიეთ ათონის წმინდა მთის ფილოთეოს მონასტრის დედათა მეტოქიონის თასოსის მთავარანგელოზ მიქაელის მონასტრის ტიპიკონი, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II და ჩვენი მოძღვრის აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის ლოცვა-კურთხევით ვიცხოვრეთ 1994-1995 წლებში.
გამგზავრების წინ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან კურთხევის ასაღებად მისულები მისმა უწმინდესობამ დაგვარიგა „მთავარი, რაც თქვენ საბერძნეთში უნდა შეიძინოთ – სულიერებაა. აუცილებლად უნდა შეისწავლოთ ბერძნული ენა, თუმცა სამი თვე ამისთვის ძალიან მცირე დროა, მაგრამ დაიწყეთ... მინდა ყველამ იმეცადინოთ ხატწერაში, იქაურ მონასტრებში ამის საუკეთესო საშუალება და პირობებია... ისწავლეთ თავმდაბლობა და მორჩილება. საბერძნეთში თქვენ იქნებით ჩვენი ეკლესიის სახე, თქვენის მეშვეობით შეექმნებათ აზრი ქართულ ეკლესიაზე. აუცილებლად ჩასვლის დღიდანვე აწარმოეთ დღიური, დაწვრილებით აღწერეთ ყველაფერი რასაც ნახავთ, თუ მოისმენთ, სულ უმნიშვნელო წვრილმანიც კი. ეს საჭიროა!” დალოცვისას კი გვითხრა „ილოცეთ. მთავარია ლოცვა. აუცილებელია. მეც ნუ დამივიწყებთ თქვენს წმინდა ლოცვებში”.
გამხნევებულები ჩვენი პატრიარქის, მოძღვრის და მთავარანგელოზის მონასტრის წინამძღვრების - არქიმანდრიტი ეფრემისა და იღუმენია ეფრემიას ლოცვით, შევუდექით მონაზვნურ ცხოვრებას.
„უკუეთუ გნებავს, რაითა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე”. (მათ. 19, 21)
„რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარ-ყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი”. (მათ. 16, 24)
„თუ ვინმე სოფელს განეშორება, მის სიმყრალეს შეიცნობს; ხოლო ერში მოხეტიალეს ამქვეყნიურ გულის-თქმათა და სიამოვნებათა ძონძები, როგორც დიდების სამოსელი, ისე შეუმოსავს. უფლის სახლში მისვლა და დამკვიდრება გაცილებით უფრო ტკბილია, ვიდრე ცოდვილთა სოფელში ცხოვრება, სადაც ხორცის თაყვანისცემის საცდურია და ჯოჯოხეთი დიდ ნადავლს მოიხვეჭს.
ღმერთი თუ გიყვარს და გსურს მას სრულყოფილად და ნაყოფიერად ემსახურო, დიდი ქალაქის უსულო შენობები მიატოვე და საყვარელ და სასურველ უფლის სამკვიდრებელში მოდი, სადაც მეცნიერებათა მეცნიერებას, ეშმაკზე, სოფელსა და საკუთარ თავზე გამარჯვების ხელოვნებას ისწავლი. ეს არის საუკუნო ჯილდოებისა და ადგილებისთვის შეუპოვარი ბრძოლის მეცნიერება”. (ბერი ეფრემ ფილოთეველი)
მთავარანგელოზ მიქაელის მონასტერში პირველად შევიტყვეთ მათი სულიერი წინაპრის ბერი იოსებ ისიხასტის შესახებ. ისინი მას „პაპუს” - ბაბუას ეძახდნენ. ჩვენთვისაც ძალიან მახლობელი შეიქმნა „პაპუ” იოსები... უკვე სამშობლოში ჩამოსულებს მამა ეფრემმა მოგვწერა: „ჩემი მამის და თქვენი „პაპუს” ლოცვა შეგეწიოთ” - ამინ.
მიუხედავად იმისა, რომ ბერი იოსები სრული ისიხასტი იყო, მან მემკვიდრეობად - მთავარ სწავლებად სულიერ შვილებს მორჩილება დაუტოვა. „გულწრფელად და მტკიცედ, სრული შეგნებით ვაღიარებ, რომ არ არსებობს გადარჩენის სხვა გზა, რომელიც ასე დაცული იქნებოდა ყოველგვარი ხიბლისა და მტრის შემოტევისაგან. და თუკი ვინმეს ნამდვილად უნდა ხსნა და ტკბილი იესოს სწრაფად პოვნა, მორჩილებაში უნდა იყოს, და ისეთი სიყვარულით უყურებდეს თავის მოძღვარს, თითქოს ქრისტეს ხატებას ხედავდეს.
მორჩილება - სულის ამაოდბრძნობის დამორჩილებაა, საკუთარი ცუდისაგან რომ გავთავისუფლდეთ.
მორჩილება ნიშნავს გახდე მონა, რათა იყო თავისუფალი. შეიძინე იაფად შენი თავისუფლება. პასუხს ნუ აგებ ნურაფერზე და იყავი მხიარული.
კარგად იცოდე, რომ ერთის მიმართ ურჩობაში მყოფი მრავალს [ვნებებს] ემორჩილება და საბოლოოდ დაუმორჩილებელი რჩება.” (ბერი იოსებ ისიხასტი)
სურვილი აქ მოსულებისა იყო მორჩილების საძირკველზე აგვეშენებინა ჩვენი სულის ტაძარი, რაშიც მეოხებას დღემდე ღირს მამა იოსებს - „პაპუს” ვთხოვთ.
თინათინ დედოფლის მიერ აგებული ხახულის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მონასტერი ღვთისმებრძოლი, ათეისტური რეჟიმით დაცარიელებული და გავერანებული დაგვხვდა. „საძაგელი მოოხრებისა” - წმინდა წერილის ეს სიტყვები განსაზღვრავს მონასტრის მაშინდელ მდგომარეობას. დედა ღვთისამ თავისი მოწყალებით გვაკურთხა და გვარგუნა პატივი მონასტრის აღდგენისა. კინოვიოს წესი, ჩვენი მოძღვრის აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის ლოცვა-კურთხევით და აქ დამკვიდრებული დების ერთობით დადგინდა.
აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითის ლოცვა-კურთხევით ახალი შუამთის მონასტერი ზოგად საცხოვრებელი – კინოვიოა. ეს კი წინამძღვრისა და დების ერთობით ყოფნას ნიშნავს, აღსრულებად თქმულისა „ბრძენმცა არიან და გულისხმისმყოფელ საღმრთოთაცა საქმეთა შინა და კაცობრივთა, ერთ-გულ და ერთ-სიტყუა ყოვლით კერძო მყუდროსა მას შინა და დაწყნარებულსა ცხოვრებასა.”
მონასტრის წეს-განგება 14 თავისაგან შედგება:
თავი 1. ზოგად მცხოვრებელთა კრებულისათვის;
თავი 2. მონასტრის წინამძღვრის გამორჩევისათვის;
თავი 3. ზოგადსაცხოვრებელი მონასტრის წეს-განგება; გულისსიტყვების გამოძიებისთვის და აღიარებისთვის;
თავი 4. კრებულში მიღებისათვის;
თავი 5. მწირველი მღვდლისათვის;
თავი 6. მონასტრის ყოველდღიური განაწესი;
თავი 7. ტრაპეზისათვის;
თავი 8. ეკლესიაში ლოცვისათვის;
თავი 9. მარხვისთვის;
თავი 10. შესამოსლისთვის;
თავი 11. კეთილმოწესისათვის;
თავი 12. მონასტრიდან გასვლის შესახებ;
თავი 13. მონასტრის აღმშენებლისათვის. წინამძღვართა და კეთილისმყოფელთა მოხსენებისათვის;
თავი 14. ტიპიკონის მტკიცე დაცვისათვის.
წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, შობისა და დიდმარხვის განმავლობაში, ხოლო წინამძღვრის კურთხევით ოთხივე მარხვაშიც ტრაპეზის დროს წაიკითხება მონასტრის ტიპიკონი, რომ ხშირი შეხსენებით გაცოცხლდეს მონაზვნური ცხოვრების ნამდვილი არსი „მცნებათა უფლისა მაცხოვრისათა" (2 პეტრე, 3,2), და ღვთის შეცნობით ჭეშმარიტების გზაზე ერთხელ დამდგარმა თავი დააღწიოს ამსოფლიურ სიბილწეს, ისევ არ დაემონოს მას, რადგან ამგვართათვის „უკუანასკნელი იგი უძვირეს პირველისა" (2პეტრე, 2,20) იქნება.
ვინც კრძალვით და ღმრთის მოშიშებით დაიცვას წმინდა მამათაგან განწესებული ეს ტიპიკონი სარგებელი ფრიადი ნახოს და კურთხეულ იყოს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ, რომელსა თანა მამით და სულით წმინდითურთ შვენის დიდება, მთავრობა და პატივი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
მონასტრის ტიპიკონი და მონაზვნური ღვაწლი
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის მიერ წარმოთქმული სიტყვა კონფერენციაზე
„უძველესი მონაზვნური ტრადიციები თანამედროვე პირობებში “ (2016 წელი)
„ჭეშმარიტად მშვენიერი და სათნოა მონაზვნური ცხოვრება - ჭეშმარიტად მშვენიერი და სათნოა, თუკი ის იმ წესებსა და კანონებს შეესაბამება, რომლებიც სული წმიდით განბრძნობილმა, მისმა ფუძემდებლებმა და მასწავლებლებმა დაგვიდგინეს".
წმ. თეოდორე ედესელი (IXს.-ის მკაცრი მოღვაწე და ეკლესიის მამა)
თავს უფლებას მივცემ, გავიხსენო ჩემი სულიერი ცხოვრების დასაწყისი. ის არ დაწყებულა ოჯახში, არც სკოლის ან სტუდენტური წლების პერიოდში, დაიწყო მაშინ, როცა მუზეუმ-ნაკრძალში მიმიღეს სამუშაოდ, როგორც არქიტექტორ-რესტავრატორი. 1984 წელს ასეთი მუზეუმ-ნაკრძალი იყო VI ს.-ის დიდი მოღვაწის, ღირსი დავით გარეჯელის ლავრა გარეჯის უდაბნოში.
„არა თქუენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ და დაგადგინენ, რაითა თქუენ წარხვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ" (იოანე, 15,16). ღმერთმა, თავისი წმინდა განგებულებით და დიდი მოწყალებით, მხოლოდ მისთვის უწყებული გზით დაიწყო ჩემი წინამძღოლობა ცხონების გზაზე.
ეს ის წლები იყო, როცა ღვთის სიტყვას ჯერ კიდევ უმალავდნენ ადამიანებს. გარეჯის უდაბნოსთან - ამ წმინდა ადგილთან შეხებამ აღმიძრა სურვილი მქონოდა სახარება. მისი შოვნა ადვილი არ იყო. წმინდა წერილი ერთმა ადამიანმა მათხოვა და გარეჯის უდაბნოში დაბრუნებულმა, მისი გადაწერა დავიწყე, რომ ჩემთვის მქონოდა. მუზეუმ-ნაკრძალში ჩამოსულმა მომლოცველებმა კი ლოცვანი მაჩუქეს და დავიწყე ლოცვების კითხვა. ჩემი, როგორც მუზეუმის თანამშრომლის მოვალეობა იყო უძველესი ძეგლის მდგომარეობის აღწერა. ღვთით, მომეცა შესაძლებლობა ფეხით შემომევლო გარეჯის უდაბნოს მრავალი სენაკი და მონასტერი. დილით ადრე გავდიოდი და მთელ დღეს ამ მადლითშემოსილ უდაბნოში ვატარებდი. ეს ღვთის დიდი კურთხევა იყო – მენახა დიდი მოღვაწეების კლდეში გამოკვეთილი სენაკები. ასე გადიოდა დღეები და თვეები. 1986 წ. 25 დეკემბერს, წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენებას და მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ინტრონიზაციის დღეს, მისი უწმინდესობა გარეჯის უდაბნოში ჩამობრძანდა, რომ ღირსი მამა დავითის ლავრაში წირვა აღესრულებინა. ეს ჩემი პირველი შეხვედრა იყო მასთან.
იმ წლებში პატრიარქს სურვილი ჰქონდა წმ. სახარება პერგამენტზე გადაწერილიყო, შემდეგ კი მინიატურებითა და ძვირფასი ყდით შემკულიყო. მისი უწმინდესობის წინაშე წარმადგინეს, როგორც ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც თავისთვის სახარება გადაწერა. ასე გავიცანი პირადად ჩვენი პატრიარქი. მან მაკურთხა, დიდი ზომის სახარების მაკეტი შემედგინა, თან გადმომცა ფსალმუნი ხუცურად და მომცა ლოცვა-კურთხევა ამ წიგნით მელოცა და მესწავლა ხუცური საეკლესიო ანბანი. მოგონებებმა ძალიან რომ არ გამიტაცოს, ჩვენი მოხსენების თემას დავუბრუნდები და ვიტყვი, რომ პატრიარქთან შეხვედრიდან დაახლოებით 4 წლის შემდეგ, ღირსი დავით გარეჯელის ლავრის (რომელიც იმ პერიოდში დაუბრუნეს ეკლესიას), პირველი და ერთადერთი მონაზონი გავხდი. როგორც მონაზონს, იმ გზით უნდა მევლო, რომელიც სულიწმიდით განბრძნობილმა ეკლესიის დიდმა მამებმა დაგვიდგინეს და მეხელმძღვანელა მათ მიერ ჩვენი სულების გადასარჩენად დატოვებული ძვირფასი საგანძურით – ეკლესიის წმინდა გარდამოცემით. ჩემს წინაშე დადგა ამოცანა: გარეჯის უდაბნოს ცხოვრების პირობების გათვალისწინებით უნდა შემედგინა მონასტრის წეს-განგება, რომელიც არც იოლი იქნებოდა და ჩემს ძალებსაც არ აღემატებოდა. ლოცვა-კურთხევით დავწერე ტიპიკონი, რომელსაც შემდეგი სიტყვები წავუმძღვარე: „ესე აღწერილი წესი მომიღებიეს დასაწყისისთვის და რომ ჰპოვოთ ნაკლი, ნუ შემრისხავთ, რამეთუ მეცა უმეცარ და უცნობო ვიყავ ამას ყოფასა და რაოდენიცა ჩემის სიგლახაკითა მიზრახავს, აღვსწერე არა საუკუნოდ, არამედ წამისყოფისთვის. და რომელმაც თქვენგანმა შემდგომად ჩემსა უმჯობესი ჰქმნეთ, იყავნ წესისაებრ თქვენისა".
როგორც წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობს, „მონაზვნობა ღვთაებრივი განგებულებაა და არა კაცობრივი” [1]. მრავალი ჩვენთაგანი, ვინც სულიერ წყაროს ვესწრაფოდით, ღვთის მოწყალებამ უღმერთობით დანგრეულ მონასტრებში მიგვიყვანა, მაგრამ, რადგან მონაზვნობის ფესვები უძველესია და ღმერთის უცვალებელი სიტყვით – წმ. სახარებით საზრდოობს, მონაზვნობა არის და იქნება – ვიდრე დედამიწაზე უკიდურესობამდე არ დაკნინდება ქრისტიანობა, რის შედეგადაც დადგება ქვეყნიერების აღსასრული [1].
მონაზვნობა დღესაც სულიერი ბრძოლის წინა ხაზზე დგას და ატარებს პასუხისმგებლობას დაიცვას ქრისტეს მხედრობის სული – მონაზვნობის სული, რომელიც ჩვენი ღმერთშემოსილი წინამორბედებისგან მივიღეთ მონაზვნური წეს-განგებების, კანონებისა და დარიგებების გზით.
უძველესი დროიდან 4 მონაზვნური წეს-განგება გადმოგვეცა. ეს არის წმ. პახომი დიდის, წმ. ბასილი დიდის, წმ. იოანე კასიანეს და წმ. ბენედიქტეს წეს-განგებები. ადგილობრივმა ეკლესიებმაც შემოინახეს მონასტრების ტიპიკონები, რომლებიც დიდ მნიშვნელობას ატარებენ მათთვის. ისინი სხვადასხვა ქვეყნის სამონასტრო ტრადიციებს ასახავენ.
საქართველოს ეკლესიის ისტორიაში სამონასტრო უდიდესი კულტურის არსებობის დამადასტურებელია გარეჯის უდაბნოს მონასტრები და IX ს.-ის წმ. მამის, ღირსი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღწერილობა. გარეჯის უდაბნო – ეს „მონაზონთა სამეფოა" [2], რომელიც VI ს.-ში ღირსმა დავით გარეჯელმა დააარსა. ღირსი მამა დავითი – ერთ-ერთია იმ ცამეტ ასურელ წმინდა მამათა შორის რომლებიც საქართველოში ღირსი იოანე ზედაზნელის წინამძღოლობით ჩამოვიდნენ. სამეცნიერო ლიტერატურაში ღირსი დავით გარეჯელის ლავრას, რომელიც 12 დიდ მონასტერს, მრავალ სკიტს და დაყუდებულთა გამოქვაბულს აერთიანებს, ქართულ თებაიდას უწოდებენ; ხოლო მონასტრების კომპლექსს, რომელიც IX ს.-ში, სამხრეთ საქართველოში, ღირსმა გრიგოლ ხანძთელმა დააარსა, ქართული სინა დაერქვა. ეს სახელწოდებები თვითონ ლაპარაკობენ საკუთარ თავზე, თუკი გავითვალისწინებთ სამონასტრო მშენებლობის უდიდეს მასშტაბს და ამ წმინდა ადგილების დამაარსებელთა და იქ მცხოვრებ მოღვაწეთა სულის ახოვანებას. ამ მონასტრების ტიპიკონებმა წერილობითი სახით ჩვენამდე ვერ მოაღწია, თუმცა ცნობილია, რომ ღირსი იოანე ზედაზნელი იყო მოწაფე წმ. სვიმეონ მესვეტის და საკვირველთმოქმედის, რომელიც შავ მთაზე მოღვაწეობდა და „აღმოსავლეთის მზედ" იწოდებოდა; ამრიგად, ასურელმა მამებმა საქართველოში შავი მთის მეუდაბნოეთა ტრადიციები ჩამოიტანეს, ღირსმა გრიგოლ ხანძთელმა კი თავისი მონასტრების წეს-განგებას ღირსი საბა განწმენდილის ლავრის ტიპიკონი დაუდო საფუძვლად.
უძველესი ქართული წეს-განგებებიდან წერილობითი სახით ჩვენამდე მოაღწია: პეტრიწონის (დღეს ბაჩკოვოს) XI ს.-ის მონასტრის ტიპიკონმა (1084 წ.), რომელიც მონასტერს მისმა დამაარსებელმა, გრიგოლ ბაკურიანის ძემ (ქართველი ღვთისმოსავი დიდებული, ბიზანტიის გამოჩენილი სამხედრო მოღვაწე, დიდი დომესტიკოსი) დაუდგინა; შიო-მღვიმის XII ს.-ის მონასტრის ტიპიკონი (1123 წ.), რომელიც მონასტერს ერთიანი საქართველოს დიდმა მეფემ, წმ. დავით აღმაშენებელმა უანდერძა; და ვანის ქვაბების ტიპიკონი, რომელიც XIII ს.-ის დასაწყისით თარიღდება (1204-1234 წწ.).
ყველა უძველესი სამონასტრო წეს-განგება, რომლებიც სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას შეიქმნა, ერთნაირად გამოხატავს მონაზვნობის შინაარსს და გადმოსცემს მონაზვნურ სულს, რომელსაც ჩვენი მონაზვნობის პირველწყაროსთან – თვით უფალ იესო ქრისტესთან მივყავართ [5].
რა გარდამოცემა დაგვიტოვეს ჩვენმა დიდმა ფუძემდებლებმა და როგორი სულიერი ნათესაობა აკავშირებს დღევანდელ მონაზვნობას მათთან? ეხმარება თუ არა მონაზონს წეს-განგების მორჩილება სულიერ ცხოვრებაში? მიიყვანს თუ არა მონაზონს მონასტერში დადგენილი ტიპიკონის ზუსტი აღსრულება სულიერი ცხოვრების სრულყოფილებამდე?
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად გავიხსენოთ, თუ რას გვასწავლიან წმინდა მამები ზემოთ ჩამოთვლილი უძველესი მონაზვნური წეს-განგებებით.
წეს-განგების გონივრულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი სულიერი წყობა და ხასიათი აქვს ადამიანს, ვინც მას ადგენს. ასე იყო ჩვენი დიდი მამების შემთხვევაშიც, რომლებმაც უძველესი ტიპიკონები დაგვიტოვეს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს წეს-განგებები მჭიდროდ არის დაკავშირებული მათი შემდგენლების ცხოვრების წესთან. ძველი ტიპიკონების განხილვისას, მხედველობაში უნდა მივიღოთ ჩვენი დიდი მამებისა და მონაზვნობის მასწავლებლების ცხოვრების გარემოებები. აქ გადმოცემულია წესები, რომლებსაც მათ ცხოვრებისეული შემთხვევები და გარემოება კარნახობდა. ტიპიკონში გარკვეული დამატებები განპირობებული იყო იმით, რომ წმინდა მამები ძმათა ცხოვრების სხვადასხვა გარემოებებს ითვალისწინებდნენ [5].
ზოგადად, ყველა უძველესი ტიპიკონი ცხოვრების წესის გარეგნულ მხარეს დეტალურად გადმოსცემს და წარმოაჩენს მათ ზეგავლენას შინაგან ცხოვრებაზე; აღწერს მონასტრის წყობას, მონასტერში ახალდამწყებთა მიღებისა და მათი სწავლების წესს, განიხილავს მონაზონთა ქცევის საკითხებს, მიუთითებს ეპიტიმიაზე – გამოსწორებისა და შეგონების საზომზე; წეს-განგება ადგენს ლოცვის განრიგს – დღისა და ღამის განმავლობაში ლოცვისა და ფსალმუნთგალობის თანმიმდევრობას.
ახალი შუამთის დედათა მონასტრის ტიპიკონს საფუძვლად დაედო ზემოთხსენებული პეტრიწონის მონასტრის წეს-განგება. XVI საუკუნეში დაარსებული, ახალი შუამთის ხახულის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მონასტერი XX ს. 20-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლების მიერ დაიხურა. 90-იან წლებში აღდგენილი მონასტრის პირველმა დებმა თავისი მონაზვნური ცხოვრება საბერძნეთის მთავარანგელოზ მიქაელის მონასტერში დაიწყეს, ამიტომ ბევრი რამ გადმოვიღეთ სწორედ ამ მონასტრის ტიპიკონიდან. ეს მონასტერი მონაზვნობის ათონურ ტრადიციას მისდევს, რადგან ათონის მთის ფილოთეოს მონასტრის დედათა მეტოქიონს წარმოადგენს და დაფუძნებულია დიდი მოღვაწის, ბერი იოსებ ისიხასტის სულიერ გამოცდილებაზე. პეტრიწონის მონასტრის წეს-განგების მიხედვით, ახალი შუამთის მონაზვნებმაც წესად დაიდეს, ეკლესიის მიერ დადგენილი ოთხი მარხვის განმავლობაში ტრაპეზის დროს წაიკითხონ თავისი მონასტრის ტიპიკონი, რომ შეხსენებით ცოცხლობდეს მათთან მონაზვნური ცხოვრების ნამდვილი არსი და უფლისა და ჩვენი მაცხოვრის მცნებები (2 პეტრე, 3,2). ღვთის შეცნობით ჭეშმარიტი თავისუფლების გზაზე ერთხელ დამდგარნი, დააღწიეს რა თავი ამსოფლიურ სიბილწეს, ისევ რომ არ აღერიონ მას და იძლიონ მისგან, რადგან ამგვართათვის „უკუანასკნელი იგი უძვირეს პირველისა" (2პეტრე, 2,20) იქნება.
ჩვენს მოხსენებაში შეუძლებელია თუნდაც ერთი მონასტრის წეს-განგების სრულად განხილვა, ამიტომ მხოლოდ ზოგიერთ საკითხს შევეხებით. რას წერენ ღირსი მამები ახალდამწყებთათვის, რადგან ახალდამწყებად შეიძლება ჩაითვალოს ყველა ის მონაზონი, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუდია თავისი მონაზვნური ცხოვრების კეთილი დასაწყისი.
ღირსი მამა იოანე კიბისაღმწერელი გვირჩევს, ყურადღებით გამოვიძიოთ, ისევ დასაწყის საფეხურზე ხომ არ ვიმყოფებით, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, ვსწავლობთ. იგი ამბობს, რომ მონაზვნობის ანბანი არის: „მორჩილება, მარხვა, მღვიძარება, აღსარება, დუმილი, სიმდაბლე, სიმხნე, შრომა, შემუსვრილება, შეურაცხება, სახიერება, სარწმუნოება, სიძულვილი უმანკო მშობელთა, სიყვარული ძმათა” [6].
ვის ძალუძს ანბანის უგულებელყოფით დაეუფლოს მეცნიერებასა და ხელოვნებას?! სულიერი ბრძოლა კი სწორედ „მეცნიერებათა მეცნიერება და ხელოვნებათა ხელოვნებაა".
მონაზვნობა – სახეა ანგელოზებრივი ცხოვრებისა. ანგელოზები, რომლებიც მორჩილებას განუდგნენ, დემონებად იქცნენ [2]. ეკლესიის მამები მორჩილების ღირსების შესახებ გვასწავლიან და მიგვითითებენ, რომ მორჩილებას სათნოებებს შორის უპირველესი ადგილი უჭირავს.
„ერთის მიმართ ურჩობაში მყოფი მრავალს ემორჩილება და საბოლოოდ დაუმორჩილებელი რჩება" - ასწავლიდა ბერი იოსებ ისიქასტი [7]. ბევრის მორჩილება კი ვნებების მონობას ნიშნავს.
ღირსი იოანე კასიანეს წეს-განგებაში ვხვდებით აბბა პინუფის დარიგებას, როცა ის მიმართავს მონასტერში ახალმიღებულ ადამიანს, ღირს იოანე კასიანეს თანდასწრებით. „ხომ ხედავ, რამდენი დღის ლოდინის შემდეგ მიგიღეს მონასტერში. პირველ რიგში უნდა გულისხმაჰყო ამ სირთულის მიზეზი. ის ცხოვრება, რომელიც შენ აირჩიე მრავალ სარგებელს მოგიტანს, თუკი გააცნობიერებ რისთვის მოსულხარ და გულმოდგინედ შეუდგები ქრისტესთვის შრომას" [5].
დღეს ჩვენს მონასტრებში, მონაზვნობის სურვილი, მონასტრის ჭიშკართან ლოდინით აღარ გამოიცდება, შესაძლოა, სწორედ იმ მიზეზით, რომ ბევრი ამას ვერ გაუძლებდა. მაგრამ არ შეიძლება უგულებელვყოთ ჩვენი წმინდა მამების რჩევა-დარიგება: მონასტერში მოსული ვალდებულია გააცნობიეროს, თუ როგორ ცხოვრებას შეუდგა, რომ გულმოდგინე იყოს სულიერ ცხოვრებაში და იშრომოს მხოლოდ ქრისტესთვის – ჩვენი სულების მხსნელისთვის!
ვინც ამას გულისხმაჰყობს, მხოლოდ ის შეძლებს ღვთის შიშით ჩაუყაროს საძირკველი თავის მონაზვნურ ცხოვრებას. „გამოიჩინე სიბრძნე და შენი მონაზვნური სრბა ღვთის მოშიშებით დაიწყე" - გვასწავლის ღირსი ისააკ ასური [8].
ის, ვინც ღვთის მოშიშებით შეუდგება მონაზვნურ ცხოვრებას, ვერ უგულებელყოფს მონასტრის წეს-განგებას. თითოეულმა ჩვენგანმა ის გზა უნდა აირჩიოს, რომელიც თავმდაბლობას ასწავლის. ახალდამწყებისთვის, გამოცდა საკუთარი სურვილისა, იცხოვროს მის მიერ არჩეულ მონასტერში, არის სწორედ ის ტიპიკონი და წეს-განგება, რომელიც მას ამ მონასტერში დახვდება. როცა მონასტრის ყოველდღიურ განაწესს ვემორჩილებით, ვსწავლობთ, როგორ სათნო-ვეყოთ ღმერთს; სხეულის უძლურება და სიზარმაცე სულსაც გადასდებს სიზანტესა და დაუდევრობას. ამას განდევნის ყოველდღიური განაწესი, რომ არ გადაიზარდოს გონებრივ სიჩლუნგესა და სიმხდალეში, როგორც ამას წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი გვასწავლის. ყოველდღიური განაწესის დაცვაში ახალდამწყებს წინამძღვრის დახმარება სჭირდება, რომ ისწავლოს ზომიერება და თავის იძულება, რადგან „სასუფეველი ცათაი იიძულების, და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი" (მათე, 11,12).
წმ. მამები გვასწავლიან, რომ ახალგაზრდებისთვის ძნელია, არ მოუსმინონ მტრულ, უსარგებლო გულისსიტყვებს; გონების დაბნელება კი უპირველეს ყოვლისა, შეიმჩნევა მაშინ, როცა მონაზონს ეზარება ღვთისმსახურებაზე დასწრება და ლოცვა. სწორი სულიერი ცხოვრებისათვის მონასტრის წეს-განგებით განსაზღვრულია ლოცვის, შრომისა და დასვენების დრო. წმ. პაისი ველიჩკოვსკი მიმართავს მოსვენებისა და ტკბობის მოყვარულთ (ჩვენ კი სწორედ ასეთები მოვდივართ მონასტერში, რადგან ეს „ძველი კაცის" თვისებაა) და აფრთხილებს, რომ „მოსვენებიდან და ტკბობიდან სიზარმაცე იბადება, სიზარმაციდან უქმად ყოფნა, უქმად ყოფნიდან – მოწყინება, მოწყინებიდან სხეულის უძლურება, უძლურებიდან – გრძნობების შეუკავებლობა, გრძნობების შეუკავებლობიდან და ეშმაკეული ხრიკებიდან კი ყოველგვარი ვნებები ერთად აღდგებიან და ძლიერდებიან" [9].
მონასტრის წეს-განგება – არა მხოლოდ მოთხოვნებია, ის გვიცავს კიდეც. როცა „მონაზვნური ცხოვრების წესის ნეტარ მორჩილებაში ხარ" [10] და მონასტრული ცხოვრების კანონებს თავს მოუდრეკ, ისეთებს როგორიცაა: არ შეხვიდეთ ერთმანეთის სენაკებში, არ მიიღოთ და არ გასცეთ მოწყალება და საერთოდ არაფერი გააკეთოთ ლოცვა-კურთხევის გარეშე, ან უფროსებისგან დაფარულად, გულმოდგინებით შეასრულოთ მორჩილების საქმე, თავის დროზე მიხვიდეთ ღვთისმსახურებაზე და ტრაპეზზე და ა. შ. – ახალდამწყები სწავლობს საკუთარ სინდისთან თანხმობაში ყოფნას, უარს ამბობს მანკიერ ჩვევებზე და შეიძენს მონაზვნურ ზნეობას და ამგვარად, მორჩილებაზე, როგორც საძირკველზე, აშენებს თავის შინაგან ცხოვრებას.
ის, რასაც ღვთისგან მოწოდებული სული ესწრაფვის, – ლოცვისა და სინანულის საშუალებით შეუერთდეს ღმერთს – შეუძლებელია, მონასტრის წესების დაცვის გარეშე, რაგინდ უმნიშვნელოც არ უნდა ჩანდეს ის. აბბა დოროთე გვაფრთხილებს, რომ „თითქოს უმნიშვნელოს უგულებელყოფით, ცუდ ჩვევას შევიძენთ [10]”.
საკუთარი ნების, საკუთარი „მე"-ს უარყოფას სული ეგოიზმის, ამპარტავნების და პატივმოყვარეობის მდგომარეობიდან თავმდაბლობის გზაზე გამოჰყავს. სწორედ საკუთარი „მე"- ს უარყოფასთან არის დაკავშირებული ის, რომ მონასტერში მოსულმა არ მისცეს თავს უფლება შეცვალოს რაიმე, რაც მის მოსვლამდე იყო მონასტერში დადგენილი. „ნუ გაკადნიერდები შეცვალო რაიმე დადგენილი წესიდან და საკუთარი თვითნებობით სხვა მოწესეთა დამაბრკოლებელი გახდე, ხოლო საკუთარი ცოდვები გაამრავლო. თვითნებობა ქრისტესმიერ ცხოვრებას განგაშორებს”– გვაფრთხილებს წმ. ბასილი დიდი [5].
იქ, სადაც კრებულის ცხოვრება გარკვეულ მონასტრულ ტრადიციასთან არის დაკავშირებული, წინამძღვრის მხრიდანაც არ იქნება სასარგებლო რაიმეს შეცვლა.
დიდი ბერები ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მონასტრული ცხოვრების მემკვიდრეობითობას, რაც მოიცავს ღვთისმსახურების განაწესს, გულისსიტყვების აღიარებას და ა.შ.
საკუთარი ნების უარყოფა, წინამძღვრის სიტყვის თავმდაბალი მორჩილება, ცხონების უმოკლესი გზაა. მორჩილება მონაზონს ლოცვის ნიჭს მიმადლებს, რომელზეც ურჩობაში მყოფმა არც კი უნდა იფიქროს.
ცნობილი ქართველი ბერი, არქიმანდრიტი პართენი (აფციაური) იხსენებდა, რომ ის ჯერ კიდევ ყრმა მივიდა შიო-მღვიმის მონასტერში. 20-იან წლებში ამ მონასტრის წინამძღვრად ახალგაზრდა მღვდელმონაზონი, ეფრემ სიდამონიძე, შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, დაადგინეს. ერთხელ იღუმენმა ეფრემმა პართენის ჰკითხა: „შენ იცი რას ნიშნავს გახსნა და დაკეტო მონასტრის კარი?" მამა პართენიმ უპასუხა, რომ ამას უკვე რამდენიმე წელია აკეთებდა. იღუმენმა უთხრა: „როცა დასაძინებლად დაწვები, ფსალმუნის რომელიმე მუხლი იმეორე და ისე დაიძინე, ამით ეშმაკს დაუკეტავ შენი გულის კარს. დილით, გაღვიძებისთანავე, პირველად იესოს ლოცვა თქვი, შემდეგ ისევ ფსალმუნი გაიმეორე, ამით შენი დღის დასაწყისს ღმერთს მიუძღვნი. მისი სახელის ხსენებით დაიწყე დღე: გახსენი მონასტრის კარი". მამა პართენი იხსენებდა, რომ მან ეს სიტყვები როგორც იღუმენის კურთხევა, ისე მიიღო და როგორი დაღლილიც არ უნდა ყოფილიყო, ძილის წინ ფსალმუნს კითხულობდა, შემდეგ წაკითხულიდან რომელიმე მუხლს იმეორებდა და ასე იძინებდა. ის გრძნობდა, რომ ძილშიც ლოცვას განაგრძობდა [2].
ცხოვრების კეთილი წესი, რომლის სახესაც უგალობდა დავით მეფე მეფსალმუნე „აჰა ესერა რაიმე კეთილ, ანუ რაიმე შუენიერ, არამედ დამკვიდრებაი ძმათა ერთად" (ფს.132,1) გვეხმარება გვერდი-გვერდ ვიცხოვროთ, დავამდაბლოთ ჩვენი გულისსიტყვა და სულიერ ბრძოლაში ერთმანეთის თანაგრძნობით ქრისტეს სიყვარულამდე ავმაღლდეთ.
ზოგადცხოვრებულთა მონასტერში კრებულის ცხოვრება ეფუძნება მცნებას „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი" (გალ. 6,2). უფალმა ყველას მოგვიწოდა, თუმცა ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან: ზნე-ჩვეულებით, ხასიათით, აღზრდით, განათლებით, ასაკით, ზოგჯერ ეროვნებითაც კი. ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვაში მონასტერში დადგენილი ბრძნული წესები გვეხმარება.
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობს, რომ მონასტრული ცხოვრების ერთ-ერთი სასწაული არის ის, რომ სხვა ადამიანები თანახმა არიან იცხოვრონ შენთან ერთად, და არა ის, რომ შენ ხარ თანახმა იცხოვრო მათთან ერთად [11].
აქ არ შემიძლია არ გავიხსენო სქემარქიმანდრიტი ბერი ვიტალი (სიდორენკო). ახალგაზრდობის წლებში, როცა ის საქართველოში, აფხაზეთის მთებში მოღვაწეობდა, ერთმა მონაზონმა შესჩივლა, რომ მისი თანამესენაკე ძმა ძალიან ჭირვეული იყო. მამა ვიტალიმ უთხრა: „მე, ყველგან და ყველასთან კარგად ვგრძნობდი თავს". მონაზონს გაუკვირდა და ჰკითხა: „ამიხსენი, რას ნიშნავს შენი სიტყვები?" მამა ვიტალიმ უპასუხა: „სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ყოველთვის ვცდილობდი, რომ სხვებს ეგრძნოთ ჩემთან კარგად თავი, და არა მე – მათთან და წესად დავიდე – ყველას წინაშე მომეკვეთა საკუთარი ნება" [2].
გარეგნული ქცევა მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანის შინაგან მდგომარეობასთან [10]. მონასტრის განაწესი გვეხმარება შევიცნოთ საკუთარი თავი. წმიდა წერილი გვასწავლის, რომ სიყვარული ყველაფრის საზომია. მხოლოდ გარეგნული წესრიგის დაცვით ყაზარმას რომ არ დავემსგავსოთ, საჭიროა სიყვარული. სიყვარულის გარეშე აზრი არა აქვს არანაირ ტიპიკონს. მონაზონს, რომელიც სიყვარულს ეძიებს, ეძლევა უნარი, უფრო სრულყოფილად შეასრულოს მონასტერში დადგენილი წესი [11]. თუმცა, სიფრთხილეა საჭირო, რომ სიყვარულის საბაბით ამპარტავნებასა და ქედმაღლობას, ე.ი. ეგოიზმს, არ დავუსხათ წყალი. სათნოებების მოპოვება, რომლის გვირგვინიც სიყვარულია, თავმდაბალი მორჩილებით უნდა დავიწყოთ. „ისწავლე, მონაზვნობას შედგომილო, სარწმუნოო და ღვთისმოყვარევ" - საუკუნეთა სიღრმიდან მოგვმართავს წმ. ბასილი დიდი [5].
ჩვენი მიზანია ცოცხალი კავშირი დავამყაროთ ღმერთთან ვნებებისაგან განწმენდით და მათი მოკვდინებით, ეს კი მოღვაწეობაა. ტიპიკონით გადმოცემული წესები მოღვაწეობის კანონებს ასახავს და სახარებისეულ ცხოვრებას გვასწავლის - „მოკვდი ცოდვისთვის და ჯვარს ეცვი უფლისთვის" [5]. მიზანი გვავალდებულებს დავიცვათ წესი: „ყველაფერი, რაც სულის გადარჩენაში გვეხმარება, ღვთისმოშიშებით უნდა დავიცვათ, როგორც უფლის მცნება" [5]. ამგვარად, მონასტრის წეს-განგების დაცვას მონაზონი მოღვაწეობამდე მიჰყავს. როცა მონასტრის ყველა დადგენილ წესსა და კანონს ვიცავთ, მაშინ მონაზვნური ღვაწლის საძირკვლის ქვას ვდებთ. გულისსიტყვების აღიარებით, სიფხიზლით და განუწყვეტელი იესოს ლოცვით, რაც ყველაზე მთავარია მონაზვნურ ცხოვრებაში, ჩვენ უნდა შევიცვალოთ და ახალ ადამიანებად ვიქცეთ.
ხვალ ჩვენი ეკლესია მოციქულთასწორი წმ. ნინოს ხსენებას აღნიშნავს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, და მის მიერ ივერიაში, თავის წილხვედრ ქვეყანაში ქართველი ერის განმანათლებლად გამოგზავნილმა წმ. ნინომ, თავისი მიწიერი ცხოვრებით მონაზვნური ღვაწლის მაგალითი დაგვიტოვეს. წმ. ნინოს უფლისადმი მხურვალე სიყვარულმა და ლოცვამ მთელი ერის ცხოვრება შეცვალა. განუწყვეტელი ლოცვა – მონაზონთა მთავარი კანონია. „რომელი შეეყოს უფალსა, ერთ სულ არს უფლისა თანა" (1კორ.6,17).
მოციქულთასწორი წმ. ნინოს და ყოველთა წმიდათა ლოცვა შეგვეწიოს, რომ ერთობა გვქონდეს უფალთან, რომელსა შვენის დიდება აწ და უკუნისამდე, ამინ.
ბიბლიოგრაფია
[1] Святитель Игнатий Брянчанинов. Аскетические опыты. Т. 1. Православное издательство. Москва,1993.
[2] Архимандрит Рафаил (Карелин). Тайна спасения (беседы о духовной жизни из воспоминаний). Изд. Московского Подворья Свято-Троицкой Сергиевой Лавры. Москва, 2011.
[3] Преподобный Гиорги Мерчулэ. Житие Святого Григола Хандзтели. Перевод с древнегрузинского протоиерея Иосифа Зетеишвили. Изд. CRITERIUM. Москва,2008.
[4] საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი. ავტორ-შემდგენელნი: ენრიკო გაბიძაშვილი (ხელმძღვანელი), მაია მამაცაშვილი, ანა ღამბაშიძე. თბილისი, 2007.
[5] Древние иноческие уставы, собранные Епископом Феофаном. Типо-Литрография И. Ефимова, Большая Якиманка, дом Смирновой.Москва, 1892.
[6] Лествица, возводящая на Небо, преподобного Иоанна, игумена Синайской горы. Изд. «Лествица», 1999.
[7] Γέροντος Ιωσήφ. Έκφρασις Μοναχικής Εμπειρίας. Εκδόσεις Ι.Μ. Φιλοθέου, Άγιον Όρος. 1996.
[8] Слова Подвижнические, преподобного Исаака Сирина. Изд. Правило Веры. Москва, 2009.
[9] ღირსი მამა პაისი (ველიჩკოვსკი). ყვავილნარი, ანუ სულის დამატკბობელი სწავლანი წმინდა სათნოებებზე. წილკნის ეპარქიის გამოცემა. თბილისი, 1998.
[10] Монашеское делание. Сборник поучений святых отцов и подвижников благочестия. Сост. священник Владимир Емеличев. Свято-Данилов монастырь. Изд. СП «Квадрат»,1991.
[11] Схиархимандрит Иоаким (Парр). Беседы на русской земле. Перевод с английского. Изд. Сретенского монастыря. Москва, 2013.