2018 წლის 19 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა ახალი შუამთის მონასტრის რეაბილიტაციის ფონდის წარდგენა. ფონდის მიზანია შუამთის უნიკალური სამონასტრო კომპლექსის სრული რესტავრაცია და ამავ დროულად მონასტრის ბაზაზე პროექტის განხორციელება, რომლის სახელწოდებაა „ახალი შუამთა - ახალი თაობის მხარდასაჭერად". ფონდის დამფუძნებელია მონასტრის წინამძღვარი იღუმენია იოანა კრებულთან ერთად.
მიუხედავად იმისა, რომ 1995 წლიდან მონასტრის კრებულის მიერ ეტაპობრივად მიმდინარეობს სამონასტრო კომპლექსის აღდგენა, ისტორიული მონასტრის სრული რეაბილიტაციისთვის კვლავ დიდი სამუშაოებია შესასრულებელი. ფონდის ხელშეწყობით მონასტერს აქვს სურვილი დააჩქაროს მონასტრის აღდგენა, რათა თავისი სულიერი, ინტელექტუალური და მატერიალური რესურსი სრულად, მაქსიმალურად გამოიყენოს ახალი თაობისთვის. ამ მიზანს გადმოსცემს პროექტის სლოგანი „ახალი შუამთა - ახალი თაობის მხარდასაჭერად". პროექტის უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება მონასტრის ბაზაზე საგანმანათლებლო ცენტრის ჩამოყალიბება. ეს ტრადიციის გაგრძელებაა, რადგან ცნობილია, რომ საქართველოში ქრისტიანული ტაძრები და მონასტრები ისტორიულად საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრებს წარმოადგენდა.
ახალი შუამთის მონასტრის რეაბილიტაციის ფონდის წარდგენას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ - მინისტრი, ბატონი მამუკა ბახტაძე, საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ბატონი მიხეილ ბატიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში, ბატონი ირაკლი ქადაგიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე, ბატონი პაატა გაფრინდაშვილი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), საეკლესიო, სამთავრობო და ბიზნესწრეების წარმომადგენლები და ფონდის ფინანსური მხარდამჭერი, ქართველი ქველმოქმედი ბატონი დიმიტრი აბდუშელიშვილი ოჯახით.
ფონდის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი ბატონი მამუკა ბახტაძე, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი და ახალი შუამთის მონასტრის წინამძღვარი იღუმენია იოანა.
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე
ქართული ეკლესია - მონასტრები ყოველთვის იყო საგანმანათლებლო ცენტრები
მინდა ჩემი განსაკუთრებული სიმპატია გამოვხატო ძალიან მნიშვნელოვანი იდეის მიმართ, რომელიც მართლაც შეიძლება ითქვას, რომ არის ძალიან პატრიოტული საქმე. ჩვენ ვსაუბრობთ ახალი შუამთის მონასტრის რეაბილიტაციის ფონდის დაარსებაზე, რომლის მთავარი მიზანი გახლავთ ამ უნიკალური მონასტრის აღდგენა, მისთვის პირვანდელი სახის მიცემა და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, მის ბაზაზე ჩვენი მომავალი თაობებისთვის და ჩვენი ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო ცენტრის დაარსება. ეს არის მამულიშვილური საქმე და მე მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ამ მნიშვნელოვანი იდეის ინიციატორებს.
ისტორიულად, განათლების ცენტრი და ქართული ეკლესია ყოველთვის ერთმანეთთან ასოცირდებოდა. ყველა ქართული ეკლესია თუ მონასტერი იყო საგანმანათლებლო ცენტრი და იმ ლიტერატურული ძეგლების უმეტესობა, რომლებითაც ასე ვამაყობთ და რომლებიც ჩვენ მიერ მსოფლიო ცივილიზაციაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს წარმოადგენს, სწორედ ქართულ ეკლესიებში იწერებოდა. ნიშანდობლივი და სასიხარულოა, რომ ეს ტრადიცია XXI საუკუნეში გრძელდება და მომავალ თაობებს ექნებათ საშუალება, განათლება ასეთ ცენტრში მიიღონ. ჩვენი მთავრობისთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა. ამ მიმართულებითაც ქართული ეკლესია - მონასტრები ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრეა და მათ სჭირდება განსაკუთრებული ზრუნვა, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ შევძლებთ, ეს უნიკალური საგანძური მომავალ თაობებს პირვანდელი სახით გადავცეთ.
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი
მადლიერება ღვთის ჯილდოა, ამის გარეშე სიკეთე არ იქნება
როგორ დაიბადა იდეა დღევანდელი პროექტისა: "ახალი შუამთა - ახალი თაობის მხარდასაჭერად?"
ვეცდები, მოკლედ მოვყვე ისტორია სირთულეებისა და გამარჯვებებისა. ძველად, დიდი ხნის უკან, ერთ-ერთ მონასტერში საოცარი რამ ამბავი აღესრულებოდა - ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ირემი მოდიოდა მონასტერში. ერთ თას წყალს დაალევინებდნენ და შემდეგ თავად დადებდა თავს კუნძზე, როგორც საღმრთო ზვარაკი, და მზადდებოდა მედღესასწაულეთა ტრაპეზი. დედა ღვთისმშობელი აგზავნიდა ძღვენს. ეს თურმე ძალიან ადრე ხდებოდა.
ირემი ღვთის მაძიებელი სულის გამოხატულებაა. აკი ფსალმუნიც ამასვე ამბობს: „ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრეთ სურის სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო!"
ისე ჩვენი სული ეძიებს ღმერთს და დღესასწაულის ზვარაკად სასწაულს გვიგზავნის.
"სწყურის სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა: ოდეს-მე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა?"
გასულ ზამთარს ძველი შუამთის გზაზე რამდენჯერმე შემხვდნენ ირმები. ერთხელ ერთი წყვილი. შემდეგ - ორი წყვილი ერთად. კარგ ნიშნად მივიღე. გამიხარდა წყნარ, მშვიდ ტყეში ლამაზი ქმნილების - ღვთის მაძიებელი სულის ხატების დანახვა.
1993 წლიდან ალავერდელი ვარ. 1995 წლიდან ახალი შუამთის დედათა მონასტერმა დაიწყო მოქმედება.
"იქმნნეს ცრემლნი ჩემნი პურად ჩემდა დღე და ღამე, რამეთუ მეტყვიედ მე მარადღე: სადა არს ღმერთი იგი შენი?"
ბევრი ადამიანი მოდიოდა მოსალოცად და მოსანახულებლად. მონასტერი ცხოვრობდა დედა ღვთისას მფარველობითა და უფლის შეწევნით. საქმე ძალიან ბევრი. მთავარი კი მონაზვნობა. და რა არის მონაზვნობა? ერთგულება ღვთისა და მსახურება მოყვასისა. კავშირი ძველსა და ახალს შორის. მოვლა წარსულისა და გამდიდრება (პირველ რიგში სულით) აწმყოს, მომავლის, ახალგაზრდობის.
დედებს როგორც შეეძლოთ, ისე შრომობდნენ - ძალისაებრ მათისა. როგორც ირემი ზვარაკად, ისე დედების ზრუნვა თავდადებით, დაუღლელად - მომავალ თაობას. "რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე?"
ერთხელ ერთი ადამიანი გვესტუმრა. ნახა მონასტერი. ბავშვები მონასტერში. და მაძიებელმა სულმა იპოვა, რასაც ეძებდა. თქვა და ამოთქვა: სურვილი მაქვს, მონასტერს დავეხმარო, აღვადგინო, რასაც შევძლებ, რომ მომავალ თაობას, ჩემს შვილებს შეეძლოთ აქ მოსვლა, თქვენგან ამის მოსმენა და ნახვა ცხოვრებისა: "ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა".
სურვილი ფიქრად იქცა. ფიქრი აზრად - შინაარსად. შინაარსი ნაბიჯად და ნაბიჯი - დღევანდელ დღედ - შეხვედრად. ეს ადამიანი ჩვენი თანამემამულეა. დედა, მამა, და-ძმა, ახლობლები საქართველოში ჰყავს. ხშირად ჩამოდის თავის ოჯახთან ერთად სამშობლოში. შვილებს გივიკო და სალომე დაარქვა. ბავშვებმა იციან, რომ ქართველები არიან. დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მოთავეც ბატონი დიმიტრი აბდუშელიშვილია. იგი თავის მეგობრებთან ერთად აპირებს ამ ტვირთის ზიდვას, ტარებას. ღმერთი შეეწიოს და ღმერთმა დალოცოს. ახალი თაობა გვყავს საოცრად ნიჭიერი. უნდა ვმადლობდეთ ღმერთს და ზვარაკად ვეწირებოდეთ ამ სათნო საქმეს. მადლიერება ღვთის ჯილდოა. ამის გარეშე სიკეთე არ იქნება.
ირმის ამბავს დავამთავრებ. ერთხელაც ირემს მოსვლა დააგვიანდა. წირვა-ლოცვა, მსახურება მთავრდებოდა. დედა ღვთისმშობლის ძღვენი არ ჩანდა. და აი, გამოჩნდა. შეშფოთებული იყო, მძიმედ სუნთქავდა, თვალები ფართოდ გაეხილა და მადლიერ დამხვდურს ეძებდა. მისთვის განკუთვნილ ერთ თას წყალს ელოდა სულის მოსათქმელად.
გაიხარეს მასპინძლებმა. სამზადისს შეუდგნენ. დაკლეს ზვარაკი და მიიღეს მედღესასწაულეთა - ისე, რომ ირემს წყალი არ დაულევია... ამ დღესასწაულის შემდეგ ირემი აღარ მოსულა.
"დღისი ამცნო უფალმან წყალობა მისი და ღამე გალობა მისი; ჩემ მიერ ლოცვა ღმრთისა მიმართ ცხორებისა ჩემისა. ვარქუ ღმერთსა: მწე ჩემდა ხარ".
აკი ვთქვით, მადლიერება ჯილდოა ღვთისგან. მადლიერებით ღვთის მიმართ გავერთიანდეთ ჩვენი ნიჭიერი, ჭკვიანი, ძლიერი, ლამაზი და უტეხი ახალი თაობის მხარდასაჭერად.
"ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა".
გმადლობთ.
ღმერთმა დაგლოცოთ. ამინ.
იღუმენია იოანა
ახალი შუამთა - ახალი თაობის მხარდასაჭერად
ახალი შუამთის მონასტრის აღმშენებელმა თინათინ დედოფალმა ანდერძად დაიბარა, რომ მისი სულის მოსახსენებლად აღაპი - შესაწირი გაეღოთ წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს. ამ ანდერძს მონასტერი დღიდან აღდგენისა აღასრულებდა. მონასტრის კრებულისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ფონდის წარდგენა, ჩვენგან დამოუკიდებლად, სწორედ ნიკოლოზობას დაინიშნა და ამითაც აღსრულდა თინათინ დედოფლის ანდერძი.
სლოგანით: ახალი შუამთა - ახალი თაობის მხარდასაჭერად შევეცადეთ გადმოგვეცა ის მიზანი, რომლის გამოც დაარსდა ფონდი შუამთის მონასტრის შემდგომი რეაბილიტაციისთვის.
ახალი შუამთის მონასტერი, როგორც წმინდა ადგილი, სულიერი ცენტრი და კულტურული მემკვიდრეობა, ჩვენი ერის საგანძურს წარმოადგენს.
მონასტერი აგებულია ხახულის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელზე XVI საუკუნეში ლევან კახთა მეფის მეუღლის თინათინ გურიელის მიერ.
იმას, რომ ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის ხატი გადმოღებულია გელათის ღვთისმშობლის ხატიდან, ადასტურებენ პლატონ იოსელიანი, წმინდა ექვთიმე თაყაიშვილი და არაერთი სხვა გამოჩენილი მკვლევარი.
მსოფლიოში ცნობილი ხატის - ხახულის ღვთისმშობლის კარედის ისტორია, რუსეთის იმპერიის და შემდგომი საბჭოთა ათეისტური რეჟიმის დროს, შეიძლება ითქვას, სრულ დავიწყებას მიეცა. X საუკუნის შატბერდის კრებულზე დაყრდნობით, ხახულის ღვთისმშობლის ხატი დაწერილი ყოფილა ლუკა მახარებლის მიერ იმ ბაგის ფიცარზე, სადაც იშვა მაცხოვარი იესო ქრისტე. ლუკა მახარებლის მიერ დაწერილი ხატი, უნდა ვივარაუდოთ, რომ დაკარგულია. ამრიგად, გამოჩენილ ქართველ მეცნიერთა მოსაზრებებზე დაყრდნობით, ხახულის კარედის დაკარგული ხატის ერთადერთ ასლად მოიაზრება ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის ხატი.
XVI საუკუნეში აგებული ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის მონასტერი შაჰ-აბასის შემოსევებმა ძლიერ დააზიანა. ეკლესიის აღდგენა მხოლოდ მეფე ერეკლე მეორემ შეძლო XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, რასაც ადასტურებს ტაძრის შესასვლელში ქვაზე გაკეთებული წარწერა, რომლის მიხედვითაც მეფე ერეკლემ თინათინ დედოფლის მიერ აღშენებული ეკლესია ბრძანებითა და საფასით განაახლა.
მონასტრისთვის მძიმე პერიოდი რუსეთის იმპერიის დროსაც გაგრძელდა. ეგზარქოსების დროს ჩატარებული რესტავრაციები რუსულ პოლიტიკასა და ხასიათს ატარებდა. ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად იმდროინდელი რთული ვითარებისა, მაშინაც მონასტერი ახერხებდა ახალგაზრდების მხარდაჭერას. 1900 წლის გაზეთი „ივერია" აქვეყნებს შუამთელების წერილს მათ მიერ პეტერბურგში ქართველი სტუდენტებისთვის შეგროვებული თანხის შესახებ.
1926 წელს ბოლშევიკურმა მთავრობამ მონასტერი დახურა. შემდგომ მონასტერში ჯერ ბავშვთა სახლი ფუნქციონირებდა, მოგვიანებით კი, XX საუკუნის 80-იან წლებში მისი ტურბაზად გადაკეთება იყო ჩაფიქრებული.
1990 წელს მონასტერი დაუბრუნდა ეკლესიას. 1995 წლიდან აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითის ლოცვა-კურთხევით ახალი შუამთა დედათა მონასტერია.
ეს ისტორიული სამართლიანობის აღდგენა იყო. ის, რაც დახვდა აქ მოსულ მონაზვნობის მსურველებს, შეიძლება დავახასიათოთ ბიბლიის სიტყვებით: „საძაგელი მოოხრებისა".
დანგრეული შენობები, გავერანებული გარემო, ხატებისა და სიწმინდეებისგან დაცლილი მონასტერი - ამის ფონზე ყველაზე რთული მონაზვნური ტრადიციის აღდგენა იყო, ვინაიდან ის სულიერ მემკვიდრეობას ემყარება, მონასტერში კი ათწლეულების მანძილზე შეწყვეტილი იყო სამონასტრო ცხოვრება.
ღვთის შეწევნით, აღდგა ღვთისმსახურება და სამონაზვნო ტრადიცია, დაიწერა და შეიმკო ახალი ხატები, მონასტერი შეიმოსა სიწმინდეებით. დაიწერა და შეიმკო მონასტრის მფარველი ხატი - ხახულის ღვთისმშობლის ახალი ხატი. ისევე როგორც ისტორიული ხატის ზურგზე, რომელიც გასაბჭოების შემდეგ ხელოვნების მუზეუმშია დაბრძანებული, ახალი ხატის ზურგშიც 44 წმინდა ნაწილია დავანებული.
2014 წელს დაიწერა და შეიმკო შუამთის მაცხოვრის ახალი ხატი, რომლის დედანიც ასევე ხელოვნების მუზეუმშია დაბრძანებული. მაცხოვრის ხატის ზურგში, ისე როგორც დედანი ხატის ზურგში, 58 წმინდა ნაწილია ჩაბრძანებული. აღსანიშნავია, რომ სწორედ მფარველი ხატების დაბრუნებასთან არის დაკავშირებული შუამთის მონასტრის ახალი სიცოცხლე.
1995 წლიდან დღემდე მონასტერში არ შეწყვეტილა აღდგენითი სამუშაოები. თქვენს ყურადღებას შევაჩერებ რესურსზე, რომლითაც მონასტერი აწარმოებს ამ სამუშაოებს:
უპირველეს ყოვლისა, ეს არის მონაზონთა კრებულის ძალისხმევა - მათი ინტელექტუალური, ფიზიკური და ქონებრივი რესურსი; ასევე, ღვთისმოყვარე ადამიანების თანადგომა და სახელმწიფოს მონაწილეობა. რა სამუშაოები შესრულდა ამ ხნის განმავლობაში ზემოთ ჩამოთვლილი რესურსით.
პირველ რიგში, ყურადღებას გავამახვილებ საინჟინრო კომუნიკაციებზე, რომლებიც შუამთაში მონასტრის არსებობისთვის აუცილებელი პირობა იყო: მონასტერში წლების მანძილზე არ იყო წყალი. მონასტრის კრებულის ძალისხმევით, აღდგა მონასტრის ისტორიული წყლის მაგისტრალი (2 კმ სიგრძის), მოეწყო საკანალიზაციო სისტემები, განახლდა მონასტრის ელექტროგაყვანილობა; 2018 წელს კი, სახელმწიფოს დახმარებით, ბუნებრივი აირის მაგისტრალი მონასტრამდე გამოიყვანეს. ღვთის შეწევნით და ჩვენი მოძღვრის, აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითის ძალისხმევით, მონასტერმა შემოიმტკიცა ისტორიული, ე.წ. „ხატის ტყე", რომელიც შეადგენს 200 ჰექტარს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ამგვარად ტყე გადაურჩა გაჩეხვა-გაჩანაგებას. მონასტერს დაქირავებული ჰყავს მეტყევე და ძალისაებრ უვლის ტყეს.
მონასტერმა აღადგინა სამონასტრო მეურნეობა და დღეს ის თითქმის მთლიანად უზრუნველყოფს თავის თავს საკვები პროდუქტებით.
მონასტრის ტერიტორიაზე 2000 წელს აშენდა წმინდა გიორგის კელია. მონასტრის ტერიტორია არის 10 ჰა შუამთის ტყის მასივში. კელიის მშენებლობა, უპირველეს ყოვლისა, განპირობებული იყო იმ მიზეზით, რომ 90-იან წლებში არცთუ იშვიათი იყო მონასტერზე თავდასხმა. გვქონდა შემთხვევა, როდესაც გასროლილი ტყვია მონაზვნის სენაკში შემოვარდა და ღვთით გადარჩა ეს ადამიანი. უნდა აღვნიშნოთ, რომ იმ დროისთვის მონასტერში არც გალავანი არსებობდა და არც კარი. განსაკუთრებით შეუფერხებლად შემოდიოდნენ მონასტრის ტერიტორიაზე იმ ადგილიდან, სადაც დღეს წმინდა გიორგის კელიაა. ამრიგად, წმინდა გიორგის კელიის აშენებით მოხდა მონასტრის ტერიტორიის დაცვა-ზონირება. ჩვენ იმ ავბედით დროს ნამდვილად გვიცავდა მხოლოდ დედა ღვთისა და წმინდა გიორგი.
2007-2008 წლებში კულტურის სამინისტროს ეგიდით და ფონდი „ქართუს" დაფინანსებით გამაგრდა და პირვანდელი სახით აღდგა ჯერ ისტორიული სამრეკლო, შემდეგ კი გაიწმინდა და აღდგა ტაძრის ფასადი, გამოიცვალა სახურავი და სარკმლები.
ტაძრისა და სამრეკლოს რესტავრაციის შემდეგ, მონასტრის ძალისხმევით ჩატარდა ტაძრის ეზოს არქეოლოგია, მოიჭრა დიდი მოცულობის მიწა იმ აუცილებლობის გამო, რომ წყალი ჩადიოდა ტაძრის საძირკველში, მოეწყო ეზო.
მონასტერმა განახორციელა ტაძრის ეზოში მდგომი ისტორიული ნაგებობების აღდგენა-რეაბილიტაცია. კერძოდ, აღდგა შუამთის ბოლო წინამძღვრის, ბოლშევიკებისგან დევნილი იღუმენ ნიკოლოზის მიერ საკუთარი სახსრებით აშენებული ორსართულიანი სახლი, შემდგომ სახენაცვალი საბჭოთა პერიოდში. დღეს ის მრავალი ფუნქციით არის დატვირთული.
ასევე განხორციელდა ისტორიული საწინამძღვრო სახლის აღდგენა-რეაბილიტაცია. ეს იყო XVI საუკუნიდან მოყოლებული მრავალგზის გადაკეთებული შენობა, რომელიც რკინის სალტეებით შეიკრა. დღეს ეს ნაგებობაც ძალიან დატვირთულია სხვადასხვა ფუნქციით. აღსანიშნავია ასევე, რომ მონასტრის ძალისხმევით, აღდგა ქვის ისტორიული გალავანი ტაძრის ეზოს მთელ პერიმეტრზე.
2018 წელს დასრულდა სამრეკლოს შიდა სივრცეების აღდგენა-რეაბილიტაცია და იქ მონასტრის სამუზეუმო სივრცე მოეწყო.
მშენებლობასთან ერთად, უნდა აღინიშნოს მონასტრის ამჟამინდელი საქმიანობა. მონასტერში უპირველესი ადგილი, რა თქმა უნდა, უჭირავს ღვთისმსახურებას. აღდგენილია ეკლესიის წესით დადგენილი ღვთისმსახურების სრული ციკლი. აქვე ვიტყვი, რომ ღვთისმსახურების ნაწილი არის ასობით ადამიანის მასპინძლობა, სულიერი დახმარება და შეწევნა. თუმცა, სულიერ შრომაზე საუბარი არ არის მონაზვნური წესი, ის დაფარული რჩება და საცნაურია მხოლოდ ღვთისთვის. სწორედ ამიტომ ყურადღება გავამახვილეთ შენობა-ნაგებობებსა და იმ ხილულსა და მატერიალურზე, რომელიც ღვთის შეწევნით გახდა შესაძლებელი, რომ აღდგენილიყო.
მონასტრისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საქმეს წარმოადგენს მთარგმნელობითი საქმიანობა. ითარგმნება სასულიერო ლიტერატურა, ძირითადად, ბერძნული ენიდან, ასევე, ინგლისური და რუსული ენებიდან. გამოცემულია არაერთი სასულიერო წიგნი, ასევე საბავშვო. წელიწადში რამდენჯერმე გამოიცემა ჟურნალი „ალავერდი".
მონასტერს საკუთარი მეურნეობიდან აქვს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომლითაც ის უზრუნველყოფს როგორც თავის თავს, ისე უმასპინძლდება ყველა სტუმარს, ეხმარება სხვა მონასტრებსა და ოჯახებს. სუფთა ცვილის სანთელი და სეფისკვერი კი მონასტერში მთელი ალავერდის ეპარქიისთვის მზადდება.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საქმიანობის ფონზე, მონასტერი არ წყვეტს ფიქრს სამომავლო გეგმებზე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რათა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა ღირსეულად იყოს წარმოჩენილი, დარჩენილია ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები. უპირველესი მნიშვნელობისაა ტაძრის აღდგენა. უკვე აღვნიშნეთ, რომ გარკვეულწილად განხორციელდა რესტავრაცია, მაგრამ ჩასატარებელია ისეთი დიდი სამუშაოები, როგორებიცაა:
- ტაძრის ისტორიული ნაწილის - გარშემოსავლელის აღდგენა, რომელიც უკვე დაწყებულია;
- არქეოლოგიური კვლევა ტაძრის შიდა სივრცეში და ტაძრის იატაკის მოწყობა;
- ტაძრის სახურავის გამოცვლა (სასურველია ტაძრის გადახურვა მოჭიქული კრამიტით, როგორც ადრე იყო);
- ფრესკების აღდგენა-კონსერვაცია და ფოტოფიქსაცია;
- დაბოლოს, კანკელის განახლება.
მონასტრის მთავარ ტაძარში თინათინ დედოფლის შემდეგ პატივი ეგოთ დაკრძალულიყვნენ ჭავჭავაძეთა საგვარეულოს წარმომადგენლები - თავადი ალექსანდრე ჭავაჭავაძე და მისი ოჯახის წევრები. მონასტრის ტერიტორიაზე კი 1995 წელს მრავლად დაგვხვდა მიმოფანტული საფლავის ქვები, რომელთა ერთ სივრცეში განლაგება და წარწერების შესწავლა მნიშვნელოვანია როგორც ხსოვნისთვის, ისე ჩვენი ისტორიისთვის. ამიტომ მონასტერს დაგეგმილი აქვს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ნეკროპოლის მოწყობა. ასევე საჭიროა მონასტრისთვის ფუნქციურად აუცილებელი ისტორიული შენობა-ნაგებობების აღდგენა, და ჩვენი ფონდის საბოლოო მიზანი - კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მოწყობა.
აქედან გამომდინარე, თქვენს ყურადღებას შევაჩერებ მონასტრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ პატარა სახლზე, რომელიც ტურბაზად გადაკეთების შემთხვევაში გათვალისწინებული იყო კაფე-ბარად (რის განხორციელებაც ვერ მოასწრეს). 23 წელია მრავალი ბავშვისა და ახალგაზრდისთვის ეს სახლი შუამთის მონასტრის საყვარელ სასტუმრო სახლად იქცა. შეიძლება ვთქვათ, რომ ერთმა თაობამ აქ უკვე გაიარა. არ შემიძლია არ გავიხსენო ერთი სკოლის მოსწავლის ნათქვამი ამ სახლთან დაკავშირებით. მან, შუამთაში ჩამოსულმა, სხვა სტუმრების თანდასწრებით გამოთქვა თავისი გულწრფელი სურვილი: „მე რომ ინსტიტუტს დავამთავრებ და მუშაობას დავიწყებ, აუცილებლად ძალიან დიდი ხელფასი მექნება და პირველივე ხელფასს გადმოვრიცხავ იმისთვის, რომ შუამთაში ამ ადგილას ახალი სასტუმრო სახლი ავაშენოთ". მახსენდება ჩემი პასუხიც: „ღმერთი ხედავს შენს სურვილს და მონდომებას, აკურთხებს მას და აქ თქვენთვის აუცილებლად იქნება უკეთესი სასტუმრო სახლი". უკეთეს სასტუმრო სახლში მოვიაზრებთ საგანმანათლებლო-კულტურულ ცენტრს, კეთილმოწყობილი სასტუმრო ოთახებით ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ოჯახებისთვის, სატრაპეზოთი და ბიბლიოთეკით. ეს საშუალებას მოგვცემს მოვაწყოთ „საზაფხულო სკოლები" ბავშვების ინტერესებისა და ასაკის მიხედვით, მივიღოთ ემიგრაციაში გაზრდილი ქართველი ბავშვები, რომ მათ ჰქონდეთ შეხება საკუთარ ისტორიასა და მემკვიდრეობასთან. მონასტერი, სულიერ ცოდნასთან ერთად, ბავშვებს მისცემს საშუალებას, უკეთესად ისწავლონ მშობლიური ენა, ჩაერთონ წიგნზე მუშაობაში (რისი სურვილიც დიდი ხანია გვაქვს), ისწავლონ ხელსაქმე, გაეცნონ სოფლის მეურნეობას, მონაწილეობა მიიღონ ტყის მოვლაში და სხვა მრავალი საინტერესო საქმით დაკავდნენ. მონასტერთან არსებული „შუამთის კარიბჭედ" წოდებული სახლი, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით არის აშენებული, ბავშვების არდადეგებზე მოსაწყობი ღონისძიებებისთვის დიდ შესაძლებლობებს იძლევა. მონასტერში მყოფ ბავშვებსა და ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ, სრულად გამოიყენონ მონასტრის სულიერი, ინტელექტუალური და მატერიალური რესურსი.
23 წლის მანძილზე ჩვენი მონასტრის კრებულისთვის დიდი პატივია ღვთის სახლში ცხოვრება და იმ საქმის კეთება, რაზეც აქ ვისაუბრეთ. ამ პატივს ჩვენთან ერთად ამ ხნის განმავლობაში ინაწილებდა მრავალი ადამიანი თავისი შესაძლებლობების მიხედვით. მაგრამ ძირითადად ის, რასაც ადრე მეფეები აკეთებდნენ, ეპოქის ხასიათიდან გამომდინარე, ჩვენს შემთხვევაში უბრალო მონაზვნების მხრებზე აღმოჩნდა.
მონასტერი, როგორც სულიერების წყარო და საგანმანათლებლო კერა, ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებდა ჩვენი ქვეყნისთვის. 23 წელი მონასტრის განახლებისა - ერთი თაობაა. ამ 23 წლის განმავლობაში ახალი შუამთის მონასტრის სულიერი მხარდაჭერა მრავალ ახალგაზრდას ჰქონდა. მათგან ზოგიერთი დღეს კარიერულად წარმატებული ადამიანია, ზოგი მრავალშვილიანი ოჯახის დედაა, ზოგი სტუდენტია. ერთი სიტყვით კი - ქრისტიანი ადამიანები არიან და სხვაგვარი დახასიათება მათ არ სჭირდებათ. ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენს შეხვედრას ზოგიერთი მათგანი ესწრება. მოდის ახალი თაობა - ახალი გამოწვევებით, ახალი საფრთხეებით, ახალი დროის ნიშნებით. სულ უფრო რთული ხდება ძველი და ახალი თაობების კავშირი.
დრო ჩვენი სულების გადარჩენის წინააღმდეგ მუშაობს. მომხმარებლურ-მატერიალისტურ ეპოქაში სულ უფრო რთულდება სულიერი ფასეულობების შენარჩუნება. აქედან გამომდინარე, ხშირად ისმის კითხვა: იქნება თუ არა ახალი თაობა ჩვენი მომავალი? მომავალი, რომელიც შეინარჩუნებს ენას, სამშობლოს და სარწმუნოებას.
პავლე მოციქული მიმართავს ერს და ეუბნება, რომ თქვენ ხორციელისა ჩვენისა ნაკლულევანების შემავსებელი ხართ, ჩვენ კი - სულიერისა თქვენისა ნაკლულევანების.
მონასტერი აგრძელებს თავის ყველა იმ საქმიანობას, რაც ზემოთ იყო ჩამოთვლილი, მაგრამ სულ უფრო საშური ხდება დრო. ამის გამო შუამთის მონასტერმა დააფუძნა მონასტრის შემდგომი რეაბილიტაციის ფონდი და სწორედ ამ მიზეზით შევიკრიბეთ დღეს. ჩვენ ვრჩებით მთესველებად, ვიცით რა, რომ მხოლოდ კეთილმა თესლმა შეიძლება გამოიღოს კეთილი ნაყოფი, მომავალი კი ღვთისთვის მიგვინდია.
თქვენი მხარდაჭერა საჭიროა იმისთვის, რომ უფრო მეტად გამოვიყენოთ მონასტრის სულიერი, ინტელექტუალური და მატერიალური რესურსი ახალი თაობისთვის. მონასტერი ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა დარჩება სულიერი აღმშენებლობის ადგილად. საკუთარი სულის აღმშენებლობა ქვეყნის აღმშენებლობის საწინდარია; ახალი თაობის კავშირი კი სულიერ მემკვიდრეობასთან ჩვენი გადარჩენის გზაა.
ახალი შუამთა ახალი თაობის მხარდასაჭერად განაგრძობს შრომას!
გვაქვს იმედი, რომ გავერთიანდებით ახალი თაობისთვის!