ახალი შუამთის მონასტრის მდიდარი საგანძური, საუკუნეების მანძილზე, საქართველოს მეფე-მთავართა მიერ გაღებულ შეწირულობებს აერთიანებდა.
ჟურნალ „ მწყემსის" 1885 წ. N6 ნომერში მღვდელ მ. ხელაშვილის მიერ მოცემულია ვრცელი ჩამონათვალი შუამთის მონასტრის საგანძურისა. იგი წერს: „განძთაგან იპოვებიან შემდეგნი:
1. ხომლი ვეცხლისა, წონით 953 მისხალი; წმ. ექვთიმე თაყაიშვილის მიხედვით: ვერცხლის ხომლი შეწირულია 1763 წელს მხედრული წარწერით: ქ: ჩვენ: მეფემ: ირაკლიმ: გავაკეთებინეთ: შუამთის: ხახულისა: მღვთისმშობლისათვის: თავისის მამულის: შემოსავლიდამ: ხომლი: ესე: მისხალი: ცხრაას: ორმოცდა: ცამეტი: ქ˜კს: უნა"; (ხომლი-ქორკანდელი)
2. კანდელი ვეცხლისა, წონით ას-რვა მისხალ-ნახევარი;
3. კანდელი ვეცხლისა, წონით ასი მისხალი;
4. კანდელი ვეცხლისა, წონით ოთხმოცდა თექვსმეტი მისხალი;
5. კანდელი ვეცხლისა, წონით ოთხმოცდა თხუთმეტი მისხალი;
6. კანდელი ვეცხლისა, წონით ასი მისხალი;
7. კანდელი ვეცხლისა, წონით ას-ხუთი მისხალი;
8. კანდელი ვეცხლისა, წონით ასი მისხალი; ამათ ყველას აქვს ესრედი წარწერა: ქ. ჩვენ მეფე ირაკლიმ გავაკეთებინეთ შუამთის ხახულის ღვთისმშობლისათვის თავის მამულის შემოსავლიდამ, ქორონიკონს უმვ; (`ოთხი ხომლი ვეცხლისა ყველა ერთგვარი მხედრულის წარწერებით: ქ: ჩვენ: მეფემ: კახეთისამ: ირაკლემ: გავაკეთებინე: კანდელი ესე: ხახულისა: მღთის: მშობლისა: მისხალი: ჟთ: ქკ˜ს უმვ. (1758). მეორეზე მისხალი ნაჩვენებია „ჟვ", მესამეზე „რ" და მეოთხეზე „რ".
9. საზეთე კანდელი ჯაჭვებით, წონით ორმოცდა ექვსი მისხალი, არის შემოწირული მეფის ძის ფარნაოზისაგან;
10. ვეცხლის კანდელი, წონით ოცდა ცამეტი მისხალი;
11. ვეცხლის კანდელი, წონით სამი გირვანქა და ორმოცდა რვა მისხალი, შემოწირული მინგრელიის მთავრისაგან 1848 წელში;
12. საზეთე კანდელი ვეცხლისა, წონით სამოცდა შვიდი მისხალი, შემოწირულია 1837 წ.;
13. საზეთე კანდელი ვეცხლისა, წონით ოცდა თექვსმეტი მისხალი, შემოწირულია 1829 წ. ქეთევანისაგან;
14. ვეცხლის ჯვარი ტრაპეზისა მოოქროვილი, წონით ორ-გირვანქა ნახევარი. აწერია: ღმერთო, მოიხსენიე შემომწირველი არხიეპისკოპოსი იოანე რუსთველი, წელსა განხორციელებიდგან ქრისტესა 1784 (თ. ჟორდანიას მიხედვით: „მ. ბროსეს თავისი პირველი „Rapport"-ის 58-ე გვერდზე მოხსენებული აქვს შუა-მთის მონასტრის ოქროს და ვერცხლის ჯვარი, რომელზედაც მას ამოუკითხავს: Sur une croix d’or et d’argent: ღმერთო, შეიწყალე ამისი გამკეთებელი არხიეპისკოპოზი რუსთველი იოვანე. ქრისტეს აქეთ, ჩღპდ"). (1784);
15. ჯვარი ტრაპეზისა, წონით ერთი გირვანქა და თექვსმეტი მისხალი;
16. ჯვარი ვეცხლისა სახელურით;
17. ბარძიმი, ფეშხუმი, კამარა და კოვზი ვეცხლისანი, მოოქროვილნი, წონით სამას ორმოცდა ერთი მისხალი, შემოწირულ არიან მეფის ძის ბაგრატისაგან;
18. ბარძიმი, ფეშხუმი, კამარა და კოვზი მოოქროვილის ვეცხლისანი, შემოწირულნი არიან არხიმანდრიტის ქრისტეფორესაგან, წონით 340 მისხალი;
19. ბარძიმი, ფეშხუმი, კამარა და კოვზი ვეცხლისანი, წონით ორას სამოცდა თერთმეტი მისხალი, შემოწირულ არიან მეფის ირაკლის მეორისაგან (1758 წელს შეწირული სამკაული-ბარძიმი (წარწერით: ქ: შეწევნითა: მღთისათა: ჩვენ: მეფემ: ირაკლიმ: შევწირეთ: წმიდა: ბარძიმი: ესე: ხახულისა მღთის მშობელს მისხალი როდ. ქკ˜ს: უმვ. (1758); ვერცხლის ფეშხუმი (წარწერით: ქ. შეწევნითა: მღთისათა: ჩვენ: მეფემ: ირაკლემ: შევწირეთ: წმინდა: ფეშხუმი: ესე: ხახულისა: მღთის: მშობელს: მისხალი: ოთ. ქკ˜ს. უმვ. 1758);
20. განსაზავებელი ვეცხლისა, მოოქროვილი, წონით თვრამეტი მისხალი;
21. განსაზავებელი ვეცხლისა, წონით თორმეტი მისხალი;
22. სასეფისკვრე თეფში ვეცხლისა, წონით 138 მისხალი, შემოწირულია კნიაჟნა სიდონია აბაშიძისაგან;
23. სანაწილე ტრაპეზისა, მოოქროვილი, წონით ოთხმოცდა თხუთმეტი მისხალი. აწერია: შემოვსწირე ნინა გრიბოედოვისამ 1837;
24. ვეცხლის საცეცხლური წონით ას სამოცდა ორი მისხალი, შემოწირული საზოგადო მოძღვრის ნიკოლოოზისაგან, ქორონიკონს უნვ;
25. ვეცხლის საცეცხლური, წონით ერთი გირვანქა, შემოწირულია არხიმანდრიტის პაფნუტისაგან (მხედრული წარწერით: მდაბალი არხიმანდრიტი კარდანეხს წ˜ის საბისა პ[ა]ფნოტიოს);
26. ვეცხლის სინი, წონით გირვანქა ნახევარი. აწერია: მინგრელის მთავრინა ეკატერინემ შემოვსწირე მოსახსენებლად მამის ჩემის თავადის ალექსანდრე ჭავჭავაძის და დედისა ჩემის სალომესი 1848 წ.;
27. ვეცხლის სურა, წონით 44 მისხალი. აწერია: შუამთის არხიმანდრიტმან და მოადგილემ თელავის არხიეპისკოპოსისა ეპიფანემ გავაკეთებინე შუამთის მონასტრისთვის პირველს ჩემს მოსვლაში;
28. ამგვარივე სურა იმავე წარწერით;
29. სურა ვეცხლისა, წონით 54 მისხალი. აწერია: შევსწირე მხევალმან ბარბარემ მოსახსენებლად ჩემის მეუღლის სულხან ვახვახოვისა. მოიხსენე;
30. ვეცხლის ბადია, წონით ოცდა თორმეტი მისხალი; (ბადია-თასი)
31. ამგვარივე ბადია, წონით ოცდა შვიდი მისხალი;
32. ამგვარივე ბადია, წონით ოცდა შვიდი მისხალი;
33. ამგვარივე ბადია, წონით თოთხმეტი მისხალი;
34. ვეცხლის აზარფეშა, წონით სამოცი მისხალი;
35. ვეცხლის კოვზი, წონით თხუთმეტი მისხალი;
36. ვეცხლის სტაქანი, წონით თორმეტი მისხალი. არის კვალად რამდენიმე ოქროს ბეჭედი, საყურეები, ღილები და ქინძისთავი".
იოანე რუსთველმა ეპისკოპოსმა (ქობულაშვილმა) ხახულის ღვთისმშობელს შესწირა ვერცხლის კანდელი და შანდალი - გადასამოწმებელია.
შუამთის მონასტრის შემოწირულობებიდან აღსანიშნავია აგრეთვე:
ვერცხლის თასი, შეწირული სიდონია აბაშიძის მიერ მხედრული წარწერით: ქ. დივნის ქალის ქეთევანის ნიშნისა ვარ მისხალი რლH შემოგწირე აბაშიძის ქალმან სიდონიამ სასულიეროთ მიცვალებულთა ჩემთა;
პატარა თეფში წარწერით: სოფიო კ˜უ (კურდღელოვისა);
განსაზავებელი მხედრული წარწერით: შ˜ს. მ˜ს შ˜ე მ˜დ გ ს სოფიო კურდღელოვისა.
ნაქარგი გარდამოხსნა, შესრულებული 1804 წელს და შეწირული მარიამ მაყაშვილის მიერ (ასომთავრული წარწერით: ჩყდ წელსა აპრილის იგ მარიამ რევაზ მაყაევის ასულმა ვიმუშაკე სულისა ჩემისა საოხად);
ერთი წყვილი საბუხარი, რომელზეც ხარების სცენაა ამოქარგული (1925 წლის 2 ივლისიდან დაცულია შ. ამირანაშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ნაქარგობისა და ქსოვის განყოფილებაში). მას აქვს წარწერა: „მოიხსენე უფალო ლელა". ლელა ქართლის მეფე ლუარსაბ მეორის და იყო.
წმ. ექვთიმე თაყაიშვილის მიხედვით, გარდა ხახულის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა, რომელიც მონასტრის მთავარი სიწმინდეა, ტაძარში ყოფილა წმინდა იოანე ნათლისმცემლის ფერწერული ხატი, „კარგი ნამუშაკევი, ფიცარზე, 35,5 X 25,5 სანტიმეტრი. აწერია ასო მთავრულით: „იოანე ნათლის მცემლი". სხვა წარწერა არა აქვს". XIX საუკუნის ბოლოს ტაძარში ასევე ყოფილა დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატი ოქროცურვილი ვერცხლის პერანგით - მარიამ ავალიშვილის საფლავზე და მაცხოვრის ხატი ოქროცურვილი ვერცხლით და ძვირფასი თვლებით (70 მარგალიტი, 8 ზურმუხტი, 5 იაგუნდი, 2 ლალი) - გარსევან ჭავჭავაძის საფლავზე.
ახალი შუამთის მონასტერს უმდიდრესი წიგნთსაცავი ჰქონდა. რამდენიმე ხელნაწერი კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება, რომელთა შორისაც არის:
1. ეტრატზე ნაწერი სვინაქსარი (1535 წ); პლატონ იოსელიანის მითითებით, იგი ძალზე ძველი ყოფილა და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ეს ხელნაწერი მონასტრისთვის რუსთველ მთავარეპისკოპოსს იოანეს შეუწირავს;
2. დიდი სჯულის კანონი. XIII-XIV სს., ნუსხური, სათაურები და მთავრული ასოები სინგურით; ჩამოტანილია ექვთიმე თაყაიშვილის მიერ ჯრუჭის მონასტრიდან 1919 წ. მხედრული მინაწერებით: „შუამთის ხახულისა ღ˜თისმშობელო, დაიცევ შემომწირველი შენი". „ესე წმიდა და სულთა განმანათლებელი სჯულის კანონი შუამთის ხახულის ღ˜თისმშობლისა არს. ვინცა გამოახუას წ˜სა ტაძარსა მისსა, დღესა მას განკითხვისასა მიეცეს სატანას გამოუხსნელად".
3. წმინდა იოანე ოქროპირის მათეს სახარების თარგმანება 2 წიგნად: წიგნი I - გადაწერილი XVIII ს.-ში. ექვთიმე ათონელის თარგმანი, წიგნი II - 1754; ექვთიმე ათონელის თარგმანი, გადამწერი: სიონის დეკანოზი ნიკოლოზი; დამკვეთი - ბატონის რძალი ანნა, გადაწერის ადგილი მოსკოვი. დაწერილია ნუსხურით, სათაურები და დასაწყისები სინგურით. შეწირული რუსთველი მთავარეპიკოპოსის იოანეს (ქობულაშვილი) მიერ 1797 წ. 29 ოქტომბერს შესაბამისი მხედრული წარწერებით. შემდეგი წლების მინაწერებით ჩანს, რომ წიგნები ხახულის ღვთისმშობელს ეკუთვნის.
4. ვალეს ოთხთავი. 1514 წელს გადაწერილი ოთხთავი, გადამწერი: ზოსიმე ვალელი; ისტორიული ხასიათის მინაწერებითურთ.; ერთ-ერთი მათგანის მიხედვით ხელნაწერი სპარსელებს წარუტაცნიათ შაჰ-აბასის შემოსევის დროს. 1782 წელს იგი მეფე ერეკლემ გამოისყიდა და კვლავ მონასტერს დაუბრუნა. სხვა მინაწერი გვატყობინებს; „წმიდანო მთავარანგელოზნო, ორსავე შინა ცხოვრებასა დაიცევ პატრონი თეკლა, რომელმან შემოგწირა სახარება ესე შუამთას, ეგუტერსა ამას, ამინ".
5. გაბრიელ მცირე, სამოთხის ყვავილი, 1799 წ., მხედრულად ნაწერი, საზედაო ასოები და სათაურები მთავრულით, სინგურით. ბოლოს აწერია: „ეს სამღრთო წერილი შემოგწირე შენ, ხახულისა ღვთისმშობლის შუამთის მონასტრის ეკლესიასა, მე, ყოვლად უღირსმან იეროდიაკონმა ნიკოლოზმა, ჩემის ხელით წერილია სულისა ჩემისა საოხად. წმიდანო მამანო, ვისაც გინდოდესთ, გადიწერეთ და ამ წიგნს მონასტრიდამ ნუ გასწირავთ, და ვინც წაიკითხოთ, შენდობა მიბრძანეთ. შემწირველი ბერი ნიკოლოზ. ჩემი პირველი ნაყოფი ხელით წერილი ესე არს". მინაწერი: „ეს წიგნი ხახულის ღთისმშობლის ვარ. ვინც გი[პ]აროს, ეს გ[ა]უწყრეს";
6. მაქსიმე აღმსარებელი. სიტყვისგება. XVIII. მხედრული. მინაწერი: „შემოწირულია შუამთის ბერის არჩილის მიერ გ. ბ.".
7. ტიპიკონი. 1880 (სავარაუდოდ, 399-ის პირია). მინაწერი: „ესე წიგნი ტიპიკონი არის იეროდიაკონის იოანესი; ესე წიგნი ტიპიკონი შევსწირე შუამთის მონასტრის ხახულის ღუთისმშობელსა, ჩემს მოსახსენებელად. მამანო წმინდისა ამის სავანისაო, რომელმანცა იკითხოს ფრთხილად, იხმაროს და თუ დაიფურცლოს, კვალად განა[ა]ხლონ. წელსა ჩყპვ (1886), ნოემბრის კდ-სა (24)".
8. დოგმატიკური სწავლა და ქადაგებანი. XIX. ნ. მხედრული; ხუციშვილების ოჯახიდან. „მოკლე აღწერა საქართველოს მონასტერთა - უწყიან ყოველთა წმიდათა მამათა წერილთა და ისტორიათაგან...". შედგენილობა: 1. „უდაბნო წმიდისა წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი"; 2. „უდაბნო შუამთისა"; 3. „უდაბნო შიო-მღვიმელისა"; 4. „მონასტერი ქვათახევისა"; 5. „ტფილისის... ფერისცვალების მონასტერი"; 6. „ეკლესია ალავერდისა და წმიდა მოწამე დედოფალი ქეთევან".
9. ორი ეკლესიის ბედისათვის. 1847 წ. შემდეგ. ქართული (მხედრული) და რუსული ტექსტი. დართული აქვს შუამთის ღვთისმშობლის ხატის წარწერა ლეონ მეფისა და დედოფლისა თინათინისა. თ. ჟორდანიას მიწერილია: „ეს არის წარწერა შუამთის ღვთისმშობლის ხატისა. თ. ჟორდანია".
მონასტრის წიგნთსაცავში სიგელ-გუჯრებიც ინახებოდა, რომლებიც ასახავენ ხახულის ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ შეწირულობებს.
მეფეთა მიერ ახალი შუამთისთვის მიცემული სიგელ-გუჯრებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა 1637 წლის მეფე თეიმურაზ I მიერ (დედოფალ ხორეშანთან და ძესთან - დავითთან ერთად) გაცემული სიგელი, სადაც თეიმურაზ მეფეს შუამთაში მოსახლე ვაჭრების ბაჟი შეუწირავს ხახულის ღვთისმშობლისთვის: „ვიგულეთ და ვიგულსმოდგინეთ და შემოგწირეთ დიდებულსა ტაძარსა თქუენსა ხახულისა ღთის მშობელსა, სასოსა და მეოხსა სულისა ჩუენისასა და მეფობისა ჩუენისა წარმმართებელსა და ცოდვათა ჩუენთა შემმნდობელსა და შემოგწირეთ რაც შუა მთას ვაჭარი დასახლდეს მისი ბაჟი, საცა ჩუენს საბატონოს შიგ ივაჭრონ, ჩუენს საბატონოს შიგ ბაზარს ივაჭროს თუ გრემს ანუ სხუას ჩუენს ალაგს, არა სადა ჩუენთა მოსაქმეთა და ხოჯათა და მებაჟეთა არა საბატონო რა სათავისო სათხოვარი არა სთხოვონ რა. ასრე განგუითავისუფლებია და მათი ბაჟი ხახულისა ღვთის მშობლისათვის შეგუიწირავს. რაცა ივაჭრონ და მივიდენ და მათი ბაჟი სამართლიანით საქმით ხატს მიართუმინდენ მეფობისა ჩუენისა წარსამართებელად და ცოდვათა ჩუენთა შესანდობელად. არა მოეშალოს არა ჩუენგან, არა შემდგომად ჩვენსა სხუათა მეფეთა და დედოფალთაგან ესე. ასრე შემოგუიწირავს და დაგუიმტკიცებია. აწ ვინცა და რამანცა კაცმან მოგიშალოს და ანუ გამოახუას ტაძარსა თქუენსა ჩუენგან სასოებით მოძღუანებელი ესე, შენ, ყოვლად პატიოსანო, ყოვლად წმიდაო ხახულისა ღმრთისა მშობელო, მისგან იძიე შური ჯუარისმცუმელთა ძისა შენისათა, შემცაედების ძრწოლა კაინისი, შიშთუილი იუდასი, კეთრი გეზისი, დანთქმა დათან და აბირონისი და ნურა რათამცა სინანულითა ნუ იქმნების ხსნა სულისა მისისა". მეფე თეიმურაზთან ერთად სიგელს ხელს აწერენ თანამეცხედრე ხორეშან დედოფალი და პირმშო დავითი, მოგვიანებით კი არშიაზე გაკეთებულია მინაწერი: „ჩვენ, ორთავე საქართველოს, ქართლისა და კახეთისა, მეფე, ირაკლი მეორე. ვამტკიცებთ სიგელსა ამას. აპრილის გ ქკს უია".
შუამთის წიგნთსაცავში დაცული ბიბლიოგრაფიული იშვიათობების შესახებ 1888 წელს ჟურნალ „მწყემსის" ერთ-ერთი ნომერიც იუწყებოდა. იქ აღწერილი იყო ეგზარქოს პალადის კახეთში მოგზაურობა. ეგზარქოსს შუამთის მონასტერიც მოუნახულებია და მის წიგნთსაცავში მრავალ საღვთისმეტყველო წიგნს შეხვედრია; იქვე უნახავს იმ დროისთვის ძალიან საინტერესო საერო ხელნაწერი „შესავალი პორფირისა არისტოტელეს კატეგორიათა თეორიაში". ის IX ს. ბერძნულიდან ქართულ ენაზე უთარგმნია „შესანიშნავ ადგილობით მწერალს" პეტრე კავკასიძეს (პლატონ იოსელიანის მიხედვით - იოანე პეტრიწს).
1926 წელს ახალი შუამთის მონასტერი ბოლშევიკურმა მთავრობამ დახურა. მონასტრის მთავარი სიწმინდე, ხახულის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი სხვა სიწმინდეებთან ერთად, ასევე სულის საოხად შეწირული მრავალი საეკლესიო ნივთი და წიგნი გადატანილი იქნა მუზეუმებში. მონასტრის მთავარი სიწმინდე, ხახულის ღვთისმშობლის ხატი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზშია დაბრძანებული. მონასტრის სხვა დანარჩენი საგანძური - ხატები, საეკლესიო ნივთები და წიგნები თბილისისა და თელავის მუზეუმების საცავებში ინახება. ღვთის წმინდა განგებულებამ ინება ეკლესიის საგანძური მებრძოლი ათეიზმის ეპოქაში მუზეუმებში შენახვით გადარჩენილიყო, თუმცა ძალზედ სამწუხაროა, თუკი ისინი საცავებში შენახულ უხმარ ნივთებად დარჩება.